четверг, 15 июня 2017 г.

,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს" პრეზენტაცის სცენარი

                                    რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!
        ფარნავაზი _ იბერიის პირველი მეფე. საქართველოს პირველი გამაერთიანებელი, ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. მან ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა. მას მიეწერება ქართული დამწერლობის შექმნაც.

,,ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენაი ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა და ამან შექმნა მწიგნობრობაი ქართული.

     ,,შენ, ჰე, ფარნავაზ, ქმენ ერთ მთავრობა,
       შენ მოეც ქართველს წიგნი პირველი,
       შენ დაუმკვიდრე ერსა ერთობა
       და ერთობისა წესი და ძალი.“

                            
                              ****************
ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა,
და როდესაც ბარში ვარდნი ჰყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და
ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ.
მოჰკიოდა ქარი ღრუბლებს, მოჰკიოდა
და ფარავნის ტბასა ზედა ძრწოდა ქარი,
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა და
მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი.
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი,
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსსა უთხრა: საქართველო არის ესე.
მიეძინა ერთ წალკოტში მიეძინა და
ფშატებმა მზისგან მოუჩრდილესო,
ეს ვინ არის, გამოცხადდა მგზავრის წინა.
ნუ გეშინინ! - მიუგებდა იესო.
გაეღვიძა, წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ხეებში ქარიშხლები  ბღაოდნენ.
                                          | ანა კალანდაძე|

 მარი, როგორ ფიქრობ, რას ჰქვია ენის ცოდნა?

 რასაკვირველია, არა კმარა მარტო სიტყვები ვიცოდეთ, უნდა ისიც გვესმოდეს, თუ როგორ შევუთანხმოთ ეს სიტყვები ერთი მეორეს და წინადადება როგორ ავაშენოთ. ამისათვის საჭიროა ენის სულისა და გულის შეგნება. ამ შეგნებისათვის კი საჭიროა ის ღირსება და მადლი, რომ თითოეულ ქართველს ქართულად უცემდეს გული და მაჯა, ერი უპირველეს ყოვლისა დედაა ენისა.

   საინტერესოა, ვიცნობდით თუ არა ჩვენს ქართულ ენას, ადამიანად რომ ქცეულიყო და ჩვენში გარეულიყო? მოგვეწონებოდა თუ არა? გვეყვარებოდა თუ არა? მოვუფრთხილდებოდით თუ არა მის გრძნობებს, მის თავმოყვარეობას, მის სულს?

 ნეტავ, რას გვეტყოდა ქართული ენა, მას რომ ჩვეულებრივი ადამიანივით საუბარი გადაეწყვიტა? როგორ შეიმოსებოდა? როგორ მოილხენდა?  როგორ მოიწყენდა? როგორ ფიქრობთ, ხომ არ გვისაყვედურებდა რამეს?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში ჩვენი მეგობრები დაგვეხმარებიან.
 ღვთის მიერ გაჩენილ სამყაროში არის ერთი პატარა სამეფო, რომელსაც ამქვეყნად განხორციელებულ სამოთხეს ადარებენ.

            ქართული ენა
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრდძელოს ენავ!
მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა
შლეგი ჩანჩქერების ნაპრალების ხლტომა,
      მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,
      ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,
      გაფანტული ფარის ფარზე დაჯანღება
      და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!
უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,
მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,
სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,
     ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
    რა ტკბილია     ფარულ სიყვარულის შიში,
    როცა ღამის მთევლებს ლხინი გაუმართავთ
    და სიზმრები როცა სთვლემენ სასთუმალთან.
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!
  ამ მშვენიერ სამეფოს განაგებს მისი უდიდებულესობა მეფე ზმნა და  დედოფალი არსებითი სახელი. მათ ჰყავთ სახელგანთქმული ნაზირ-ვეზირები: ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი, ზმიზედა, თანდებული, კავშირი, ნაწილაკი,  შორისდებული და ყოვლისშემძლე ლაშქარი. ამ პატარა სამოთხეს ქართული ენის სამეფო ჰქვია.

დღეს, სწორედ, ამ სახელგანთქმული ქართული ენის სამეფოს მეჯლისს წარმოგიდგენთ.

მაშ ასე:  თქვენს წინაშეა ჩვენი სათაყვანებელი მეფე ზმნა და დედოფალი არსებითი სახელი.
,,ღმერთო, ჩემი ხალხი ვის რას ედავება,
 ნატრობს ბედნიერი იყოს ყველა ერი,
ღმერთო, ნუ წაართმევ ჩემს ხალხს დედაენას,
ქვეყნად ყველა ენა არის შენმიერი.“
                                                | იოსებ ნონეშვილი.|

,,ქართული მარტო ენაა?!
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა-
იმოდენაა!


   ,,ჰოი, ჩვენო ენავ, ჩვენი მწუხარებისა და სიხარულის მესაიდუმლევ, ცისარტყელასავით მშვიდობის მომფენო, მყინვარივით სპეტაკო, და თერგივით მშფოთვარევ, საძირკველო და მტკიცე ფუძევ ჩვენო, მეფევ და დარაჯო ჩვენი ერთობისა და ძლიერებისა.


    არაერთხელ  მოუნდომებიათ  ავისმდომლებს ჩვენი შელახვა, ჩვენი მოსპობა. დღესაც, როდესაც ჩვენ წინაშეა უმნიშვნელოვანესი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, თანდათან იზრდება მეორე, არანაკლები საფრთხე ენობრივი დაშლისა. რაც, იმედია, არასოდეს განხორციელდება.

,,ერთი დედა, ერთი მამა, როგორც ერთი ღმერთია,
ორი ენა გველისაა, კაცის ენა ერთია.
სამშობლოც ხომ ერთი არის, მისი ენაც ერთია,
ქვეყნად კაცი არ არსებობს, ენა რომ წაერთმიათ.
ღმერთის ნებით წასასვლელო, ღმერთის ნებით მოსულო,
ერთადერთი იმ ენის ხარ, რა ენაზეც ლოცულობ.“
                                                                        |ჯ. ჩარკვიანი|

    ქართველებს ორი სამება გაგვაჩნია, ზეციური და მიწიერი. ზეციური სამება მოიცავს იესო ქრისტეს სამგვარ გაგებას: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. ქართველის მიწიერ სამებას კი, როგორც ილია ბრძანებს, წარმოადგენს ,,ენა, მამული და სარწმუნოება“.

ქართული ენა სრულყოფილია და იგი უდიდეს ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს.  ამის მტკიცების საფუძველს მრავალი ფაქტორი იძლევა. მაგალითისთვის ისიც კმარა,რომ ქართულ ანბანში ზუსტად იმდენივე ასოა, რამდენი წელიც იცხოვრა ქრისტემ დედამიწაზე.

მართლაც, საოცარია ქართული ენა. იმდენად ღრმაა იგი, რომ  ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია ქართული პოეზიის თარგმნა. ბევრს უთქვამს შესხმა ქართული ენისა, მათ შორისაა ირაკლი აბაშიძის ბრწყინვალე ლექსი ,,ხმა კატამონთან“.

         ლექსი ,,ხმა კატამონთან“  (ტიტრებით)
,,ო, ენავ ჩეო, დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენო სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ნიჭო ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს, მეგობარს ათასს, მრუდსა და მართალს,
მტერთა და ძმათა
დავშორდი, მორჩა, ყველა მოთავდა,
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს, მხოლოდ შენ მარადს,
შენ _ერთს, შენ ვერ გთმობ სამარის კარად.
თუ რა მზე მწვავდა, თუ რა მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა, უტკბილეს წამთა,
უტკბესი შენ ხარ, ენავ დედაო, შენ მწარე ლხინო, ტკბილო სევდაო,
შენ ყოვლის მთქმელო, ყოვლის არ მთქმელო,
შენ, გმირთა გმირო, ბრძენო ქართველო,
წარსულის ძეგლო, წინ გამხედაო,
 ქვესკნელში მძრომო, ცაში მჭვრეტელო.
ხან - ფუნჯო ჩემო, ხან -საჭრეთელო,
შენ აკვნის ჰიმნო, ცრემლო სამარის...
იბერის ენავ, ენავ თამარის,
შენ ნიჭო ჩემო, სრბოლავ და ფრენავ,
დედაო  ენავ, დედაო ენავ!
დაეცეს იქნებ სიმაგრე ყველა,
მოისრას იქნებ ყველა ყმა ველად,
დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას,
ყოველ ნერგს იქნებ დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ უჭკნობს, შენ ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ, ჩემო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამოვ,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს, შენ ვერ გთმობ სამარის პირთან.
 უდიდესი საუნჯეა ქართული ენა! იგი უძველესი და უტკბილესია, რაღაც განსაკუთრებული მადლით მოსილი.

ქართული ენის სიღრმეზე, სიძველესა და ფილოსოფიურ დატვირთვაზე მეტყველებს ისეთი საღვთისმეტყველებო შრომები, როგორებიც აქვთ, მაგ: ეფრემ მცირეს, იოანე პეტრიწს,- ისინი წერდნენ ისეთი ტერმინოლოგიითა და ისეთი სიტყვებით, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს ზედმიწევნით ზუსტად გამოთქვას თავისი აზრი.


(1)  ანი, ბანი და განი და          (2) ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,               სევდის სიგრძე და განი და
ალბათ პატარა და მინდა.                  ბედის ცამეტი განედი
ღმერთო, დამინდე, ამი,ნ და             ვერ გავისიგრძეგანე და
ანი, ბანი დ აგანი და.                          მისი უღრმესი ქანიდან
მინდა ამოვძვრე კანიდან,                 ვყვირივარ: ანი ბანი და
 სიცოცხლე მინდა თავიდან.            განი და დანი, ზანი და
სიკვდილი მინდა? -არ მინდა,         თანდათან თანი, კანი და
არა, როგორმე გავუძლებ,                 ლანი და მანი მანი და.
 არა, როგორმე ავიტან.
მხრით გოლგოთაზე ავიტან
 დღეებს, რომელიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.


(3) მე ნანი-ნანი-ნა მინდა.
ვეფხვის ტყავისა გაძრობა
ამ გატანჯული ტანიდან
და წასვლა იერუსალიმს,
კანას ქორწილში სმა მინდა.
მეგზურად მწყემსი ძმა მინდა:
პანი და ჟანი, რანი და
ფანი და ღანი, ყანი და შანი, ჩანი და ქანი და ეზო-კარიდან, ყანიდან
მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის მიტანა ქანაანიდა.

(4) მე ცაზე ცანი ვცანი და                                  (5)   სანი და ჭანი, ხანი და
ჯანი და ძმანი, წანი და                                        ვერძის შუბლიდან, ხარიდან
მინდა გამოსვ;ლა წამიდან,                                 ისევ მნათობთა გზა მინდა,
ვეებერთელა ცა მინდა.                                        ყოველ მნათობში ანთებულ
ვიწრო ბილიკის მაგიერ                                       საიდუმლოში წვა მინდა,
ათი ათასი გზა მინდა                                           ყველა ვარსკვლავში წვა მინდა,
გზა მინდა მნათობებიდან,                                 ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა
შენსკენ მავალი გზა მინდა,                                ყველა ვარსკვლავში ---------- მინდა,
მზის მუცელღების ხმა მინდა.                          მინდა გამოსვლა წამიდან, ვეებერთელა ცა მინდა.

(6) ანი, ბანი და განი და
ღმერთო, ამ შუბლის ამინდი
ცხრა მზით ამინთე, ამინ,  და
ისევ  ა-მინდა,  ე-მინდა,
თეთრი  ი-მინდა,  ო-მინდა,
სანამ ცხოვრების ჰოემდე,
მივალ ათასი ომიდან,
ერთი ძლიერი  უ-მინდა,
სამოთხის ვაშლი უმი, და                       ანი, განი და ბანი და,
მერე შენს გვერდით თუ გინდა,             ღმერთო დამინდე  ამინ და.
  ქართული ანბანი რომ არა, ასე ლამაზი ტაძრებიც ვერ აშენდებოდა, ასე ლამაზად არ მოჩუქურთმდებოდა და ვერც სალოცავები მოიხატებოდნენ ასე ლამაზად.
,,აქ რომ თაღებია
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია, სიზმრის გეგონება,
ნეტა ვინ ააგო,
რა  ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო სვეტი ნიკორწმინდა.“

  აქვე მახსენდება მუხრან მაჭავარიანის ლექსი ,,ენა რომ არა ქართული შოთაც ვერ დაწერდა ,,ვეფხისტყაოსანს“ .

ქართული ანბანის თითოეული ასოს მოხაზულობა ქვეცნობიერად გამოხატავს ერის შინაგან ბუნებას:

აბა, ასო ,,ა“-ს დააკვირდით, როგორ ჰგავს ცელს, ასეთი ასო ხომ მხოლოდ მიწადმოქმედ ხალხს შეიძლება ჰქონდეს.
       
 ასო  ,,ბ“ ხომ დოქს მოგვაგონებს, რომელიც მხოლოდ ღვინის ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს.

,,ი“ ხომ ნალია, რომელიც ცხენს უნდა მიაჭედო, რომ მიწა დაამუშაო, საზრდო მოიწიო.

ასო ,,ჯ“    ,, ხომ ანბანის ჯვარია
                     სამშობლოს წარსულს გვაგონებს,
                     ჯვარი ეწეროს ანბანის
                    უძველეს ქართულ ასოებს.“    

მივჩერებივარ ჩვენს ანბანს და მახსენდება გალაკტიონის ნათქვამი სტრიქონები: ,,რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი...“ ეს რა დაუტოვებიათ ჩვენს წინაპრებს, ეს რა სიმდიდრეა,  რა განძი.


  ბრძენ ქართველს უთქვამს: ,,აინშტაინის სიბრძნეს ვერასოდეს გაიგებე რეგვენნი,          
ასევე  მხოლოდ ამ კატეგორიისთვის დარჩება ამოუცნობი ქართული ანბანის შეფარული სიბრძნე.



არსებობს წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ უკანასკნელ ჟამს კაცობრიობა დაკარგავს სარწმუნოებას,  ჩაეფლობა ცოდვაში და მხოლოდ ქართველი კაცი დაიცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და აი, ამის გამო, როგორც ჯილდო, ქართველ ერს მოეცემა წყალობა  ღვთისა, და მეორედ მოსვლის დროს ქრისტე ღმერთი ამ ენაზე განიკითხავს ქვეყანას.


იოანე ზოსიმეს აზრით, ქართული ენა ღვთით კურთხეულ ენად არის მიჩნეული.

                              
    ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი           ( საგალობელი ,,შენ ხარ ვენახი“)
1.       დამარხულ არს ენაი ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად,
რათა ყოველსა ენასა
 ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.

2.       და ესე ენაი
 მძინარე არს დღესამომდე.
და სახარებასა შინა ამას ენასა
 ლაზარე ჰქვიან.

3.       და ახალმა ნინო მოაქცია
და ჰელენე დედოფალმან,
ესე არიან ორნი დანი,
ვითარცა მარიამ და მართაი.

4.       და მეგობრობაი
ამისთვის თქვა,
რამეთუ ყოველი საიდუმლოი
ამას ენასა შინა დამარხულ არს.

5.       და ოთხისა დღისა მკვდარი
ამისთვის თქვა დავით წინასწარმეტყველმან,
რამეთუ ათასი წელი --
ვითარცა ერთი დღეი.

6.       და სახარებასა შინა ქართულსა ხოლო, თავსა მათეისასა,
წილი ზის, რომელ ასოი არს.
და იტყვის ყოვლად
ოთხ ათასსა მარაგსა,-

7.       და ესე  არს ოთხი დღეი,
და ოთხისა დღისა  მკვდარი,
ამისთვის მისთანავე დაფლული
სიკვდილითა ნათლისღებისა მისისაითა.

8.       და ესე ენაი,
შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა,
მდაბალი და დაწუნებული-
მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა.

9.       და სასწაულად ესე აქვს;
ას ოთხი წელი
უმეტეის სხვათა ენათა
ქრისტეის მისვლითგან  ვიდრე დღესამომდე.

10.   და ესე ყოველი, რომელი  წერილ არს,
მოწამედ წარმოგითხარ,
ას ოთხი ესე წელი,
და წილი ანბანისაი.


  ასეთი  ქებაი  და დიდებაი უძღვნა  იოანე ზოსიმემ ქართულ  ენას. 

სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ იოანე ზოსიმე ამ ქებაის ტექსტის  გადამწერია და არა _ ავტორი. მაშინ ეს შესხმა შეიძლება  უფრო ძველიც კი იყოს.


 საუკუნეთა წიაღიდან ისმის  შეგონება, „რა ენა წახდეს,  ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა სმიდას.“


   ქართველმა მშობლიური ენის სიყვარული ყველაზე საყვარელ  არსებასთან, - დედასთან  გააიგივა და დედაენა დაარქვა.  ამ შემართებით იწერებოდა   სტრიქონები:
_,,ქართული ქართველთ რწმენაა, ზღვა როა, იმოდენაა.“



_ ,,საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“

,,კაცი ხარ, ვინ ხარ, რა ხარ,                                     ბედი დაუნდობელია,
რა ჯილაგის, რა ბედენა,                                         გაგწირავს და დაგაობლებს,
დედის ნანამ თუ არ გზარდა,                                 ენა კალთას დაგაფარებს,
დედამ არ გიდედაენა.                                             დედაენა გისაშველებს.
ერის შვილად რომ ივარგო,                                    გიჭირს, გილხინს, თან გეხლება,
 არც სხვას ავნო, არცა ივნო.                                    გიალერსებს, დაგივანებს,                        
ენა დედამ _ დედაენამ                                             ატირდები, დედა რომ არ გეყოლება,
უნდა ამოგადგმევინოს.                                           ენა დაგიდენინანებს.
სული დედაენის გედგას,                                        ,,წუთისოფლის სტუმრები ვართ,
აზრი სიბრძნე ენამ გამცნოს,                                   ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება,“
ღმერთმა ისე დაგიფაროს,                                       დედაენით დაიწყო და
დედამ არ გიდედინაცვლოს.                                   დედაენით დამთავრდება.


  ქართული ანბანის შინაარსის არ ცოდნა უხშობს ადამოანს იმ დიდ გრძნობას, რომელსაც ერის, სამშობლოს სიყვარული ჰქვია. უღვივებს უნარს აძაგოს ყოველივე სუფთა.      

  სწორედ ასეთი ადამიანები რუსთაველის წიგნებს სწვავდნენ და ანადგურებდნენ, ილიას ცილს სწამებდნენ სიცოცხლეში და მერე მოკლეს. ვაჟას ჩამორჩენილს, ბნელს და გაუგებარს ეძახდნენ,  ფიროსმანს  _ პრიმიტივისტს, თვითნასწავლს.


                 საქართველო          (,,კახური მრავალჟამიერი“ ფონად)
მაშ, თქვენ ფიქრობთ, რომ არ ყოლია მტერი რუსთაველს?
არ გაქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებს?
და მარტოოდენ უიმედო ნტრფობის ბრალია
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია.
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,
საბა-სულხანი გაახვია ბერის კაბაში,
თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსწყვიტა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით,
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია
და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე,
ან იქნებ მასაც სიყვარული ჰქვია სახელად,
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე.
არა, ქართველთა გზა არ არის ასე იოლი,
თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაწყება,
სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი
და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება.
      
             *******************
იქნებ გგონიათ დადუმდეს ენა,
 ვერ მოესწრებით არა და ვერა,
ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ,
 თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა,
შოთა რომ არა, ტატო რომ არა,
ვაჟა რომ არა, კიდევ რომ, მარა
ესენი როა, ესენი როა,
ახლა კი დროა სოლომონ რომა,
 კვლავ დაიქუხოს საქართველომა.
                             ******************
ირიჟრაჟებს,  დილა მოვა კრიალა,
ტოროლა ცას შეასკდება იარად,
მიწიანა, ჩირგვლიანა, ციანად,
საქართველო ყვავის ყველაფრიანად,
ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ კი არა
საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად,
ტყეებს, ველებს, წყაროს, მდელოს მთლიანად,
გაუმარჯოს საქართველოს მოთმინების ფიალას!

              ******************
             რა ძნელია საქართველოვ, მეტეხო და დიღმის ველო
მიდიოდე და ფიქრობდე, ეს არ არის საქართველო.
            

   ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, რიოგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი ახლად ამოსული მზის ცხოველმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვითარცა დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია, როგორც სვეტიცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდებული დილის ნამი. (ილია II)

    ი. გოგებაშვილის აზრით, ,,ქართული ენა არის უმაღლესი ხარისხის ორგანიზაცია...“ იგი მდიდარია, როგორც ლექსიკონით, ისე გრამატიკული ფორმებით.

  რადგან გრამატიკა ვახსენეთ, ვთხოვოთ ჩვენს მონაწილეებს  წარმოგიდგინონ  სახალისო ნომერი: გრამატიკული გამოცანები“.
                     
                  გრამატიკული გამოცანა
პატარა ვარ, ბედკრული ვარ,
მაგრამ ძმისთვის ერთგული ვარ,
ორ წევრს თავს მოვუყრი ერთად
და განვმსჭვალავ ერთი ფიქრით,
წინადადებაშიც ვჩანვარ.
ახლა თქვენ მითხარით: რა ვარ?
                                                ( კავშირი და)
ხან თავში ვდგავარ წინადადების,
ხან ბოლოშიაც ვდგავარ;
თუმცა რაჭული სიტყვით ვიწყები,
მაგრამ რაჭველი არ ვარ...
                                             (ქვემდებარე)

უხარიათ თუ ტკივილი სტანჯავთ,
მე ვახსენდები მაშინვე ყველას,
უჩემოდ გრძნობას ვერ გამოხატავთ,
თუ გამოიცნობთ ვინ ვარ?
                                       (შორისდებული)

მარცვალი თავად წარადგენს თავს: (თავსატეხი)
გთხოვთ, დამისახელოთ ქართული გვარი, რომელშიც ხუთივე ხმოვანია გამოყენებული:
ხო-მა-სუ-რი-ძე.

    ზეპირი მეტყველება სალიტერატურო ენის გამდიდრების უშრეტი წყაროა. რამდენი სიტყვა თუ ფრაზეოლოგიური გამოთქმა ცოცხლობს ამა თუ იმ დიალექტში და ნაკლებად (ან საერთოდაც არ) იცნობენ მას საქართველოს სხვა  კუთხეებში. ვინაიდან ჩვენ დღეს იმერეთში ვიმყოფებით, გთავაზობთ ამ უმშვენიერეს მხარეში ჩაწერილ ფრაზეოლოგიურ გამოთქმებს. მაშ ასე, თქვენ წინაშეა ჩვენი სამეფოს ხუმარები:

                                 იმერული ლექსიკიდან    (ყანჩელი -შერეკილები)
1)         აგერ რომ დამარხო, ეგერ გამოვა _
                მეტისმეტად ეშმაკია. ჩუმჩუმელაა, მისას ვერაფერს გეიგებ, ვერ ენდობი.
                ,,უბედური ჩუმალიე ეშმაკია, აგერ რომ დამარხო ეგერ ამოვა. მაისას რას გეიგებ“


2)      ამოირეცხავს გულს ამინდი_
ერთმანეთის მიყოლებული წვიმიანი ამინდის შესახებ იტყვიან:
,,იწუმებს, იწუმებს, ამეირეცხავს გულს და გარეიდარებს მერე.“



3)      ბატონი ყოფილა-
ბევრად უკეთესი, გაცილებით კარგი სხვასთან შედარებით:
,,ე ჩვენი ბაღანე ბატონი ყოფილა მაიეს ბაღანესთან.“

4)      გზის გაწალდვა-
კარგი რჩევის მიცემა, საქმეში სწორი გზის ჩვენება:
,,მოსულიყო ჩემთან და გოუწალდავდი გზას.“

5)      გულის შოვნა-
სიკეთის დაფასების უნარი, მადლიერების გრძნობა:
,,გარაყოლილი ვარ მაგაზე, რას არ ვუკეთებ და მაინც ვერ ვიშოვე მაგის გული.“


6)      დაათვლევინა კბილები-
ყველაფერი გააგებინა, შეამჩნევინა ის, რაც არ უნდა შეემჩნია:
,,ანგრეული ვიყაი, მომიყვანა  აქანე  სტუმრები და არ დაათვლევინა კბილები?!“



7)      დაგიტოვია ალაგე და მიპორტყიალობ ღობეზე-
საქმის კეთებისას სწორი გზისთვის ვერ მიუგნია და უცოდინრობის გამო რთული გზა აურჩევია:  ,,რო არ იცი, ქე გეიგონე სხვისი... დაგიტოვია ალაგე და მიპორტყიალობ ღობეზე.“



8)       ერთი შეწვი, მეორე მოხარშე-
ერთნაირები არიან, რაც ალხანა, ის ჩალხანა:
,,ერთი შეწვი, მეორე მოხარშე, გლახები არიან მაგენი.“



9)      თვალი არ უჩანს საქმეს-
ბევრს შრომობს, მაგრამ შედეგი არ ჩანს, უამრავი დაუსრულებელი საქმეა:
,,მაიზა მცალია ახლა მე? ხო ხედავ რამდონი საქმეა, თელი დღე შრომოფ, და თვალი მაინც არ უჩანა საქმეს.“

10)   ნაჯიგე უყრია თავში-
უჭკუოა, არაფერი არ იცის,:
,,მაგას რავა დოუჯერებს კაცი, ნაჯიგე უყრია თავში.“


   ლიტერატურას ასაზრდოებს საზოგადოება. ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ  ჩვენს ლიტერატურას დღითიდღე საზოგადოება აკლდება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წერდა ილია - ,,დღეს თუ ჩვენს ლიტერატურას მკითხველი და გულშემატკივარი ჰყავს, ერთი ეგრეთწოდებული ინტელიგენციაა და მეორე _ ძველნი ქართველნი. ყოველნი ახლად მომავალნი კი  თაკილობენ ქართულს ლიტერატურასა და ენას. თუმცა ეს ასეა დღეს, იმედია, რომ ქართული მეტად გავრცელდება ჩვენში.“

  ეს ილიას დროს. ახლა კი ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, როგორი ვითარება გვაქვს დღეს ახალგაზრდებში.

გაირკვა, რომ ვირტუალურ სამყაროში ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანები ( ძირითადად მაინც ახალგაზრდები) ,,ჰელოუს“ და ,,ჰაის“  ანიჭეენ უპირატესობას.

სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ ადამიანები მისალმების ფორმას ცვლიან ასაკის მიხედვით. მაგ:

         ბიჭები  (9-დან 25-მდე)               (ჯ. კახიძე ,,პირველი მერცხალი“)
თანატოლებს:   ,,ზდაროვა“;
უფროსებს:         ,,გამარჯობათ“;
ვირტუალურ სამყაროში:   ,,ჰაი“

      გოგონები (9-დან 25-მდე)
თანატოლებს:    ,,პრივეტ“;
უფროსებს:          ,,გამარჯობათ“;
ვირტუალურ სამყაროში:   ,,ჰელოუ“.

  როგორც ჩანს,   მიუხედავად იმისა, რომ უცხო ენების გავლენით მისალმების ფორმებში გვაქვს მრავალფეროვნება, მაინც პირველ ადგილზე, ჩვენდა გასახარად, ,,გამარჯობა“ არის.
                         
ამ სასიხარულო ამბავს კარგი იქნება ერთი მუსიკალური ნომერიც რომ მივუძღვნათ. სცენაზე ვიწვევთ ჩვენი სამეფოს ,,ბენდს“.

                                      მრავალჭირგადანახადი
მრავალჭირგადანახადი, უნატიფესი ენა ქართული,
ყველაზე კარგად რომლის ლაზათიც შოთას ლექსშია შემონახული,
ვინ იცის მტარვალს გადურჩა რამდენს, ვინ იცის, მტერი ჰყავდა რამდენი...
მაინც შეიძლო მოსვლა აქამდე, არ ღმოიფხვრა, არ გაცამტვერდა.
დღეს ბედი მისი ჰკიდია ჩვენზე! ლარი და ხაზი ამას რად უნდა,
ჩვენ უნდა შევძლოთ, და ვინძლო შევძლებთ! კვლავ იძლიეროს ენამ ქართულმა.
                                                                                        | მ. მაჭავარიანი|

   ადამიანი სამყაროს წიგნის საშუალებით შეიმეცნებს,  ნებისმიერი წიგნი ასო-ნიშანთა ისეთი კომბინაციისგან  შედგება, რომ შევძლოთ თავდაპირველად სიტყვის, შემდეგ წინადადებისა და ამ წინადადებაში ჩაქსოვილი აზრის გაგება _ გაანალიზება.  აზროვნების ამ მექანიზმის გათავისებაში ყოველ ჩვენგანს ,,დედაენა“ ეხმარება.

ჩვენ კარგად ვიცით სიბრძნე ნამდვილი,
შენს წმინდა წიგნში ამოქარგული,
თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი.
გულში გაკლია ცეცხლი ქართული.
ჩვენ კარგად ვიცით სიტყვა ხალასი,
რაც გვიანდერძა წიგნმა ნათელმა.
თუ დედაენით შვილებს არ გაზრდი,
თავი ტყუილად მოგაქვს ქართველად.
ჩვენ გვიყვარს წიგნი სიტყვახატული,
განა სიტყვები?.. ნატვრის თვლებია,
თუ დაივიწყე ენა ქართული,
მაშ, საქართველო დაგვიწყებია...
ვინა სთქვა, თითქოს ბედმა დაგვცინა,
ძე არ გაღირსა, როგორც ილიას,
ვისაც მამულის მადლი აცხია,
 შენი ძე არის, შენი შვილია.
განა რა ძალით დაიკეცება,
ან ეს ტრამალი, ან ეს ჩვენი ცა.
მოდგმიდან მოდგმას გადაეცემა
შრიალი შენი ,დედაენისა“.

   
  რაც შეეხება მამულს, რა უფლება გვაქვს არ გვიყვარდეს, არ ვლოცულობდეთ მასზე.  ჯერ ერთი, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, მეორე ის, რომ აქაა დამარხული ქრისტეს კვართი და ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის მიწა, სამშობლოსთვის თავდადებული ქართველების სისხლითაა მორწყული.
   

სწორედ ამიტომაა ყველა ქართველის გულიდან ამოხეთქილი აკაკის ეს სიტყვები:
,,ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
და რომ ვიწვოდე ვდნებოდე,
არ შემიძლია მეც განა?!“


    თუკი საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ხოლო ქართული ენა ქრისტეს ენა, რომლითაც უფალი მეორედ მოსვლის ჟამს დაელაპარაკება კაცობრიობას, გასაგებია ის მჭიდრო კავშირი ქართველსა და სარწმუნოებას შორის, რომელიც საქართველოს ცნებასაც კი განსაზღვრავს:  ,,ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“. ანუ ყველგან ქართლია, სადაც წირვა-ლოცვა ქართულად მიმდინარეობს.

                                                      ****************
 ,,სათავე ენისა -წერს ვაჟა - გახლავთ ძველთა ნიჭიერთა მწერალთა ნაწარბოებნი, ის ქართული თემები, სადაც დღევანდლამდე შენახულია შეუბღალავად, უმწიკვლოდ ქართული ენა. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ნიჭიერ მწერლებად და ენის მაგალითებად ჩვენთვის მხოლოდ ორი მწერალი კმარა: შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილი.“

,,ტა, ტა, ტა, ტა,
რანაირად ბრდღვინავს არაგვი.
ხო, ხო, ხო, ხო,
ნაპირს როგორ ეხეთქება ზღვა!
არა!
სხვისი მისაბაძი რა მჭირს,-
თვარა,- კი!..
სხვა როცა მე შემომნატრის
 მე მივბაძო სხვას?!
მე პატრონმა, მე პატრონმა, ამისთანა ზღვის,
მე პატრონმა, მე პატრონმა ამისთანა ცის,
თუ ღმერთი გწამს, თუ კაცი ხარ,
სხვას მივბაძო?!  _ვის?!
რა გინდა რომ აქ არ იყოს,-
ენა იტყვის რას!
სიტყვა გინდა?!_
მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა.
მე შენ გეტყვი არ გეყოფა სიტყვის მარაგი...
არა! სხვისი მისაბაძი
რა მჭირს,-
თვარა,-კი!
     ვაჟა-ფშაველა წერს:  ,, დედაენა, მისი სიტყვების აკინძვა, მისი მიმოხვრა ერთნაირი ამამოძრავებელი ძალაა და ზეშთაბერვა, პოეტის აღმაფრთოვანებელი მუსიკა, მისთვის ძალ-ღონის მიმცემი თვით წერის დროს, მეორე მუზაა, თუ პირველი მარცხნივ უდგას და აზრს უკარნახებს, მეორე მარჯვენას უმშვენებს და ნაწარმოებს ფორმას აძლევს.“

                                      
                                       **********   (ბ. კვერნაძე ,,თუთაშხია)
      1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ გააპროტესტა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქართულის, როგორც, სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.ამ ინიციატივას საპროტესტო აქციების მტელი სერია მოჰყვა, რომლის შედეგადაც შეტაკება ათასობით მომიტინგესა და და საბჭოთა მთავრობას შორის გარდაუვალი გახდა. თბილისში რუსთაველის გამზირზე ათი თასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ხელისუფლებისაგან ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას ითხოვდნენ. ანალოგიური დემონსტრაციები ბათუმშიც გაიმართა.

   უმაღლესი საბჭოს სესიის მიმდინარეობისას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მომიტინგეების წინაშე ე. შევარდნაძე გამოვიდა და მათ 75-ე მუხლის შუალედური ვარიანტი შესთავაზა, რაც იქ მდგომი ადამიანებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

     ნათელი იყო, რომ ხალხი კომპრომისზე წასვლას არ აპირებდა. მოსკოვმა დაინახა, რომ შეკრებილ ხალხს იოლად ვერ დაშლიდა, სისხლის ღვრა კი მის ინტერესებშ8 არ შედიოდა და ამიტომ დათმობაზე წავიდა.

    ამ დღეს ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. 14-აპრილის აქციაში არ ერია არცერთი წვეთი ძალაუფლებისთვის ბრძოლისა.

  ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს სხვა რესპუბლიკებშიც მოჰყვა უკმაყოფილება, მაგრამ ქუჩაში გამოსვლა მხოლოდ ქართველებმა გაბედეს. მათ კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ენის მნიშვნელობა ქვეყნის ცხოვრებაში:  ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს.“

   პროტესტმა შედეგი გამოიღო და კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრკ-ს სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.
                                                დასასრული            (ჩაკრულო)
 მადლობა იმ ქართველ პატრიოტებს, ვინც წინ აღუდგა მცდელობას, წაერთმიათ ჩვენთვის უფლება დედაენის სიყვარულისა. საფრთხის მიუხედავად არ შედრკნენ, მხარი მხარს მისცეს, შეერთდნენ და ერთსულოვნებამ მტერი დააჩოქა. ამის შემდეგ 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
  
     ჩემი ენა ჩემი ქვეყნის ისტორიაა. ენა დიდი დავითისა და თამარისა, დავით გურამიშვილისა, ხანძთელისა, ამაგდარი სულხან-საბასი, ილია მართლისა და სხივნათელი აკაკისა, ენა შოთას ,,ვეფხისტყაოსნით“ მოვარაყებულ-მოჩუქურთმებული. ქართველ გენიოსთა მარგალიტებით მოქარგული.
  ,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ,“ ფესვები ისე ღრმადა გაქვს გადგმული ქართული მიწის წიაღში, რომ ვისაც შენი მოსპობა სწყურია, ჯერ ისტორია უნდა წაგვართვას, წარსული უნდა შეგვიბღალოს.

   თითოეული ქართველის ვალია, ჩვენც ისევე გავუფრთხილდეთ ჩვენს ენას, როგორც ჩვენი წინაპრები უფრთხილდებოდნენ და ელოლიავებოდნენ.

    გვიყვარდეს ჩვენი ენა, ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა, ვიღვაწოთ მის საკეთილდღეოდ, არავის დავაჩაგვრინოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ენა მზიანი, ენა წყლიანი, ასო ნაქარგი, ასო ნახატი და ვეცადო, გავუთანასწორდეთ მოწინავე ერებს.

სამიათას წელზე მეტხანს გვიცხოვრია, როგორც ერსა,
ბევრსა შავ დღეს მოვსწრებივართ, მაგრამ ბევრსაც ბედნიერსა,
გვიმღერია, კიდეც ვიმღერთ ჩვენს ტკბილ ,,მრავალჟამიერსა“

დედაენავ! დედაბოძო ქართული არსისა, ბურჯო მამულის ერთიანობისა და სიმტკიცისა, გულში გიხუტებთ, თავს გევლებით, მზრუნველობას არ მოგაკლებთ. იდიდოს შენმა სახელმა, გენაცვალოს ყოველი ქართველის სიცოცხლე.




,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს" პრეზენტაცის სცენარი

                                    რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!         ფარნავაზი _ იბერიის პირველი მეფე. საქართველოს პირველი გამაერთიან...